ახალციხის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მეორე ეტაპი იწყება
საკრებულოს მიერ უკვე განხილული და დამტკიცებულია “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა. აღნიშნული პროექტები 15 ადმინისტრაციული ერთეულის, 46 დასახლებაში მცხოვრებლებმა სოფლის საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, არსებული სკვერებისა და სასაფლაოს ღობის აღდგენა, გარე განათების ქსელის მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა, ხიდების შეკეთება, შიდა გზების მოხრეშვა და სხვა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, 1-ელი აპრილის შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება. შერჩეული პროექტების გახორციელებას ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 240 ათასი ლარი მოხმარდება.
ქვეყნის მასშტაბით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 3700 სოფლის მცხოვრებმა თავად გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. შედეგად, სოფლის კრებებზე მიღებულია 2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების შესახებ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაახორციელებს.