ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებები გრძელდება

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევი კრებები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრებები მეკეიძეებში, ვანაძეებში, ვაშაყმაძეებსა და მეხალაშვილებში ჩატარდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც „კვირას“ ხულოს მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ და ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნეს, რაც მუნიციპალიტეტში, უახლოეს მომავალში, გახორციელდება, გარდა სოფლის მხარდაჭერით გასახორციელებელი მცირემასშტაბიანი პროექტისა.
„მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ვაშაყმაძეებში შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხების მოწყობა, მეკეიძეებში, ვანაძეებსა და მეხალაშვილებში გარე განათების მოწყობა დაიგეგმა. სოფელ მეხალაშვილების მოსახლერობა მათთვის განკუთვნილი თანხის ნაწილს შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას მოახმარს. ასევე, კრებები ჩატარდა ძმაგულაში, გურძაულში, ყინჩაურსა და ჭერში. სოფელ ძმაგულის მოსახლეობამ არჩევანი შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობასა და სანიაღვრე არხების მოსაწყობად ლითონის მილების შეძენაზე შეაჩერა. გურძაულის, ყინჩაურისა და ჭერის მოსახლეობა პროექტის ფარგლებში გარე განათების ქსელს მოაწყობს“,- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ხულოს მუნიციპალიტეტს 1 000 000 ლარამდე გამოეყოფა. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა, უშუალოდ, მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა – სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები