ზესტაფონში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და პარტნიორ მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ზესტაფონში, ევროკომისიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებსა და პარტნიორ მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ზესტაფონი, როგორც ლიდერი აპლიკანტი, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებთან ერთად, გაახორციელებს პროექტს „ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისათვის“, რომლის საერთო ღირებულება 355 000 ევროა.
პროექტი სამივე ქალაქის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს დააფინანსებს, რომლებიც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებითა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით მომზადდება.
პროექტის პარტნიორები არიან მდგრადი განვითარების ორგანიზაცია (საქართველო) და პოზნანის მეტროპოლიის ასოციაცია (პოლონეთი).
შეხვედრას ზესტაფონის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების პირველი პირები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლობა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და პარტნიორი ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
მემორანდუმს ხელი სამივე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს.