“დიდგორი” ავსტრიასა და გერმანიაში ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრასა და კონცერტებს გამართავს

29 მარტს, მგალობელ-მომღერალთა გუნდი “დიდგორი” ავსტრიაში მიემგზავრება, სადაც ქალაქ კრემსში სააღდგომო ფესტივალში “Imago Dei” (ღვთის ხატება) მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის ფარგლებში, ,,დიდგორი” 30 მარტს გამართავს ორგანყოფილებიან სოლო-კონცერტს: ქართული სააღდგომო საგალობლები და ხალხური სიმღერები. კონცერტის წამყვანია ავსტრიელი მწერალი, ბოდო ჰელი, რომელიც ქართულ ტრადიციულ დღესასწაულებსა და მითოლოგიაზე ისაუბრებს. ქალაქ კრემსში გამგზავრებამდე, ,,დიდგორი” ვენაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. საღამოს კი, ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გაიმართება. 31 მარტიდან, დაგეგმილია კონცერტები გერმანიაში: ბად ენდორფსა და მიუნხენში (კიუნსტლერჰაუსსა და ნიმფერბურგის სასახლე). აღსანიშნია, რომ, 1-ელ აპრილს, ,,დიდგორის” წევრების საჩვენებელი ლექცია-შეხვედრა მიუნხენის კონსერვატორიაში ჩატარდება. ,,დიდგორი” წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ანსამბლს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში მონაწილეობა. მაისში, ,,დიდგორი” კანადაში 25-დღიან საკონცერტო ტურნეში მიემგზავრება. ასევე, იგეგმება კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, აუდიო-ალბომის გამოცემა. ოქტომბერში, “დიდგორის” საიუბილეო კონცერტი თბილისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები