„საყდრისის კომიტეტი“ კიდევ ერთი ტაძრის გადასარჩენად იბრძოლებს
„საყდრისის კომიტეტი“ კიდევ ერთი ტაძრის გადასარჩენად იბრძოლებს – ამ სათაურით ავრცელებს „საყდრისის კომიტეტი“ სოციალურ ქსელში ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ „საყდრისის კომიტეტმა“ დმანისის რაიონის სოფელ ბოსლების სამების ტაძარი მოინახულა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში დახვდათ.
„საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა, დმანისის რაიონის, სოფელ ბოსლების – XIII საუკუნის სამების ტაძარი მოვინახულეთ. ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაში დაგვხვდა; თუმცა, ფრესკების ფრაგმენტები და ცალკეული ჩუქურთმებია შემორჩენილი. თავის დროზე, ტაძარი, ბოლნისის სიონის მსგავსად, შემოსილი იყო ფირუზისფერ, მომწვანო ტუფის ქვით, რაც ჩანს კიდეც, ტაძრის კედლებზე. სამწუხაროდ, ამჟამად ტაძარი გაძარცვულია. ჩვენი ინფრომაციით, ტუფის ქვებს, წლების განმავლობაში, მოსახლეობა კედლებიდან ხსნიდა და გაჰქონდა.
ბოსლების სამება დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესიაა. არქიტექტურული ფორმებითა და ჩუქურთმებით XIII საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. სავარაუდოდ, ტაძარი 5 სარკმელით ნათდებოდა და ამშვენებდა უნიკალური კედლის მხატვრობას.
„საყდრისის კომიტეტმა“ ძეგლის გადარჩენისთვის უკვე მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
სათხის, ფიტარეთის, სამშვილდის ნაქალაქარის, აბულმუგის ეკლესიის, ბირკიანის ღვთისმშობლის ტაძრისა და კოშკის შემდეგ, „საყდრისის კომიტეტი“ ბოსლების სამების რეაბილიტაციასა და მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს“, – აღნიშნულია „საყდრისის კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.