30 მარტს, ნოდარ მგალობლიშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს, ნოდარ მგალობლიშვილს, 30 მარტს, 15:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ და მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაასაფლავებენ.
პანაშვიდები გაიმართება 28 და 29 მარტს – მგალობლიშვილის ქ №3, მე-3 სად, ბ.60 (გაგარინის მოედანთან).
კინოკარიერა მგალობლიშვილმა 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა. ნოდარ მგალობლიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან.
მან, 2001 წელს, “ღირსების ორდენის” მიღებაზე უარი განაცხადა და ედუარდ შევარდნაძეს უკან დაუბრუნა.
მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება“. უფრო მოგვიანებით, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.