„თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
28 მარტს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, წიგნ „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წინამდებარე კორპუსში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, ისტორიული მესხეთის ნაწილის, თორის ხეობის 50-მდე ნაკაწრი, თუ ფრესკული წარწერის პუბლიკაცია, რომელთა ნაწილი პირველად ქვეყნდება. კორპუსს პალეოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან წარწერები პალეოგრაფიული პირებითა და ფოტოებით ქვეყნდება. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კორპუსი თორის ხეობის ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ, რაც დიდ დახმარებას გაუწევს შესაბამისი დარგის როგორც ქართველ, ასევე – უცხოელ სპეციალისტებს. წინამდებარე კორპუსის ელექტრონული ვერსია განთავსდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკების ვებგვერდებზე, რაც გაზრდის თანამშრომლობის შესაძლებლობას შესაბამისი დარგის უცხოეულ სპეციალისტებთან.
წიგნის ავტორი – თამაზ გოგოლაძე; ტექსტის ინგლისური თარგმანი – ლადო მირიანაშვილი; დიზაინი – მანუჩარ გუნცაძე, ირმა ჯიშკარიანი; პალეოგრაფიული ასლებისა და გრაფიკული მონახაზების კომპიუტერული უზრუნველყოფა:
დიმიტრი გურგენიძე, მანუჩარ გუნცაძე.