ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის” გამარჯვებული გახდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“-ის გამარჯვებული გახდა. ამავე სკოლის მოსწავლე, ნანა ლაბაძე კი, ერთი დღით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის” თემა „მდგრადი განვითარების მიზნები“. საკონკურსო წელი 2018 წლის მაისში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდა. მონაწილე სკოლებს, დროის ამ მონაკვეთში, სხვადასხვა აქტივობა უნდა გაეხორციელებიათ და ქულები დაეგროვებიათ. როკითის საჯარო სკოლა ქულებით ნახევარფინალში მოხვდა და საუკეთესო პრეზენტაციით ფინალში გადავიდა.
„20 მარტს, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019 – მდგრადი განვითარების მიზნების“ ფინალი თბილისში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა. ფინალი ოცდათორმეტ სკოლას შორის გაიმართა. გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მიერ 3 კომპონენტის მიხედვით გამოვლინდა; წლის განმავლობაში დაგროვებული ქულები, ეკოსპიკერი და პრეზენტაცია. როკითის საჯარო სკოლის გამარჯვებულმა გუნდმა საჩუქრად საზაფხულო ეკობანაკი მიიღო, როკითის საჯარო სკოლა მესამე წელია აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროექტში და მრავალი პრიზი აქვს მიღებული. წარმატებული მუშაობისთვის, კლუბის ხელმძღვანელს, მაია აბდალაძეს “წლის მასწავლებლის” სერტიფიკატი გადაეცა. აქტივობების მიხედვით დაგროვებული ქულებით “ნიკო კეცხოველის” სასკოლო პრემიის იმერეთის ჩემპიონი გახდა, სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები“,- აცხადებენ ბაღდათის მერიაში.
ცნობისთვის, სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი – „ნიკო კეცხოველის პრემია“ 2015 წლიდან CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. აღსანისნავია, რომ სოფელ როკითის საჯარო სკოლის ” ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ” ლაურეატებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მოსწავლეებისთვის სასურველ ექსკურსიას დაუფინანსებს.