ფერმერ ალექსანდრე კოპაძეს 150 ნერგი უსასყიდლოდ გადაეცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ადგილობრივ ფერმერს, ალექსანდრე კოპაძეს 150-მდე ძირი ვაშლის ნერგი გადასცეს და მათ დარგვაში დაეხმარნენ.
„გასული წლის დეკემბერში, ალექსანდრე კოპაძეს ოთხწლიანი მსხმოიარე ვაშლის ბაღი უცნობმა პირებმა გაუჩეხეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შუამდგომლობით, კერძო სანერგე მეურნეობამ, შპს „კომპლექს-არგომ“ ალექსანდრე კოპაძეს ბაღის აღსადგენად ვაშლის ნერგები უფასოდ გადასცა“,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სპეციალური ტექნიკით ფერმერს დახმარებას თავად სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.
„მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბატონ ალექსანდრეს დაეხმარა და გვერდში დაუდგა, განსაკუთრებით – სანერგე მეურნეობას „კომპლექს-აგრო“, რომელმაც ფერმერს ნერგები უსასყიდლოდ გადასცა. ასეთი მხარდაჭერით, ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ იმას, რომ გაჩანაგებულ ბაღს აღვადგენთ, არამედ ადამიანებს დავუბრუნებთ სიკეთის, გვერდში დგომის, გულშემატკივრობის რწმენას“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
დაზარალებულმა ფერმერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„შიდა ქართლის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხეხილის ბაღების განახლება. ამ მიმართულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ხელშემწყობ პროექტს ახორციელებს. ვანდალურად გაჩეხილი ბაღის ადგილას, საერთო ძალისხმევით, ალექსანდრე კოპაძეს ახალი ბაღი ექნება“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.