შალვა კერესელიძემ სოფელ მუხრანსა და სოფელ ნატახტარში კულტურის სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
როგორც „კვირას“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შალვა კერესელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გელა ბაქრაძესთან და მის მოადგილესთან, თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, სოფელ მუხრანში და სოფელ ნატახტარში კულტურის სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენობებს სრული რეაბილიტაცია უტარდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია. სამუშაოები რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით ფინანსდება.
მხარის რწმუნებული სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს შენობის გარე ფასადის განახლებას, ეზოს კეთილმოწყობასა და მინი სტადიონის მოწყობას. პატარა ქანდის სკოლის სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „სინენსის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დღესვე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მუხრანის ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მოინახულა. ბაღი 6 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და გასული წლის შემოდგომაზე ამოქმედდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაახორციელა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, რეგიონში პროექტების მიმდინარეობას მუდმივ მონიტორინგს უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები