ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევი კრებები ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულის შემავალ სოფლებში: მინთაძეებში, ღორჯომში, ადაძეებსა და გორგაძეებში ჩატარდა.
როგორც “კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე; ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, მამუკა თურმანიძე; საკრებულოს წევრები: ნიკა წულუკიძე და ალექსანდრე პაიჭაძე, მერის წარმომადგენელი ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში და მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დათო პაქსაძე ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მინთაძეებსა და გორგაძეებში გარე განათების მოწყობა და მზა ბეტონის შესყიდვა დაიგეგმა. ღორჯომში ელექტრო წისქვილის მშენებლობა, ხოლო ადაძეების მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა და მზა ბეტონის შეისყიდვა გადაწყვიტა.
დღეს, პარალელურად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კრებები კალოთაში, სკვანაში, ზემო და ქვემო თხილვანაშიც ჩატარდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ხულოს მუნიციპალიტეტს 1 000 000 ლარამდე გამოეყოფა. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა, უშუალოდ, მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა – სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.