სალომე ზურაბიშვილი: მშვიდობიანი პოლიტიკა არის საქართველოს ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა

“ჩემი მთავარი გზავნილი, დღეს, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან რუსეთის ქმედებები”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, მშვიდობიანი პოლიტიკა არის საქართველოს ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა. “საუბარი შეეხო ღია კარის პოლიტიკას, მიდგომას, რომელიც აქვს ნატოს, რომ, რაც შეიძლება, მეტი თანამშრომლობა იყოს საქართველოსთან, მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი, დღეს, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან რუსეთის ქმედებები. ამიტომ, ეს იყო ჩვენი ყოველდღიური სათქმელი ჩვენს პარტნიორებთან – იცოდნენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ, ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენს სამშვიდობო გეგმებს, სამშვიდობო ნაბიჯებს, რომლებიც, ყოველდღიურად, უფრო რთული ხდება, როდესაც იკეტება გადასასვლელი პუნქტები საოკუპაციო ხაზზე; მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია, არის მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის ფორმატი, მიიღოს პოლიტიკური დატვირთვა ან ჟენევაში, ან სხვანაირად. არ შეიძლება, შევეგუოთ იმას, რომ მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება, ან არ წყდება ეს საკითხი; რადგან, რეალურად, პროგრესი, რომ გადაწყდეს მშვიდობიანად, არ არსებობს, თუ ეს არ იქნება ჩვენი პარტნიორებისგან ყოველდღიურად გახსენებული რუსეთისთვის, რომ მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რაც მიღებული აქვს. კიდევ ერთი მინდა, ვთქვა – ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც უნდა მოხდეს, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს, მხოლოდდამხოლოდ, მშვიდობიანი პოლიტიკა. ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა “,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები