მამუკა ბახტაძე: ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი

“საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. „მსურს, დავიწყოთ იმით, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. ბატონი გენერალური მდივნის ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში. დიდად ვაფასებთ, რომ გენერალური მდივანი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაესწრება საქართველო-ნატოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყანას. ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი და ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მოგეხსენებათ, ჩვენ ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები