“ნატოს გენმდივნის მორიგი ვიზიტი საქართველოში და ნატო-საქართველოს მრავალეროვნული სწავლება ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრების პროცესის შეუქცევადობის დადასტურებაა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ხარისხი უპრეცედენტო ნიშნულზეა, როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.
მისი თქმით, გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ალიანსის სხვა მაღალი თანამდებობის პირების საქართველოში ვიზიტების, ასევე, თავდაცვის მინისტრის ბრიუსელსა თუ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში ვიზიტების და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკა ნატო-სთვის საქართველოს მზარდ პრიორიტეტულობაზე, გაძლიერებულ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე მეტყველებს.
,,საქართველო სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთში, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია მსოფლიოს მასშტაბით. დღეს, საქართველოს თავსებადობის ხარისხი ალიანსის ზოგიერთი წევრის თავსებადობას ბევრად აღემატება. მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ის თავდაცვის ხარჯებისთვის, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ის შეიარაღებისა და აღჭურვილობისთვის მობილიზება, ალიანსში გაწევრების ინსტრუმენტების, განსაკუთრებით არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელება, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და ტრანსფორმაციის პროცესი თანამშრომლობისა და თავსებადობის აქამდე არარსებულ მაჩვენებელს განაპირობებს. განსაკუთრებული ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ზემოთ ხსენებული მიღწევების პირდაპირი შედეგი და ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია 2019 წლის ნატო-საქართველოს მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ამ სწავლებაში მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობის, 24 წევრი და პარტნიორი სახელმწიფოს ჩართულობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული მხარის მიერ სწავლების დაგეგმვის ფაზიდან აღსრულებამდე ხელმძღვანელობა. ეს არის ნატოს პირველი სწავლება, რომელსაც ქართული მხარე ხელმძღვანელობს.
ნატო-საქართველოს ურთიერთობების ეს უმნიშვნელოვანესი, მაღალი დონის ვიზიტებითა და მრავალეროვნული სწავლებით დატვირთული კვირა, მკაფიო გზავნილია ყველასთვის, როგორც მეგობარი სახელმწიფოებისთვის, ისე საქართველოს მტრებისთვის, რომ ნატო უფრო მეტად, უფრო მაღალი ხარისხითაა წარმოდგენილი საქართველოში, აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის, როგორც ალიანსის მომავალი წევრის, უსაფრთხოების განმტკიცებაში და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – ალიანსში გაწევრიანების აღსრულებაში”, – აცხადებს ირაკლი ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები