დანისპარაულში, შუასოფელსა და რიყეთში კრებები ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევი კრებები დანისპარაულში, შუასოფელსა და რიყეთში ჩატარდა.
​როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
რიყეთისა და დანისპარაულის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფლებში გარე განათების მოწყობა დაიგეგმა, ხოლო შუასოფლის მოსახლეობამ არჩევანი სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობაზე შეაჩერა.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხულოს მუნიციპალიტეტს 1 000 000 ლარამდე გამოეყოფა. პროგრამისთვის პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე შეირჩევა. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა: სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზების და ხიდების მოწესრიგება, გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები