ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს – დამნაშავის ვინაობა ცნობილია
სამართალდამცველებისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა. თუმცა, იგი ამ დრომდე დაკავებული არ არის. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 19 მარტს მოხდა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. „2019 წლის 19 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – განუცხადეს „კვირას“ შს სამინისტროში.