ეროვნულ არქივში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები გამოიფინება
25 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ორმოცდაათამდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს მერაბ აბრამიშვილის ერთ-ერთი ნამუშევრის – „პარიზის“ – ესკიზს.
მერაბ აბრამიშვილი (1957-2006 წწ.) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მხატვრის შემუშავებულმა ტექნიკამ და გამოყენებულმა ფაქტურამ მის ნამუშევრებს განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მის შემოქმედებას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული.
ქართველი მხატვრის ნამუშევრებმა ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება სოთბისა და კრისტის აუქციონებზე არაერთხელ მიიპყრო. ამასთან, 2013-2014 წლებში მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო „სოტბის“ ლონდონის სააუქციონო სახლის გამოფენა “გზაჯვარედინზე”.
მხატვრის ნამუშევრები საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.
გამოფენა 1 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.