გია გაბრიჭიძე: სწორედაც რომ ამ ტიპის „ცივილურები“ არიან რუსული ჩექმის მომხრეები

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ხედვაში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
„სისტემური დეზინფორმაციის ანატომია“ – თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „კვირის ხედვაში“ გამოყენებული ეს ლაიტმოტივი ზუსტად აღწერს იმ სიტუაციას, რომელშიც ქართველი საზოგადოების ჩაყენებას ცდილობენ, ვითომდა, დასავლური ღირებულებებისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლნი.
ცხადია, რომ ის „წერტილოვანი დარტყმები“ და ცრემლიანად შეშფოთებული შეძახილები – რუსი მოდის, რუსი მოდისო, საქართველოს მოსახლეობას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და, ძირითადად, დასავლელი დონორებისთვის არის განსაზღვრული. მაგრამ, მათდა საუბედუროდ, არც ის დამფინანსებლები არიან ყორჩიხა-ხანის მთავარბანაკის წარმომადგენლები და არც ესენი – მარტყოფის ველზე შეკრებილი ქართველი მებრძოლები, რომ სიმართლე მიიჩქმალოს.
თუ აქამდე დეზინფორმაციის სისტემურად გამავრცელებლებს ხელში სრული კარტ ბლანში ჰქონდათ – რადგანაც, გარდა ბეჭდური მედიის მცირე ნაწილისა, ფაქტობრივად, არავინ ამხელდა მათს სწორედაც რომ ანტიდასავლურ ქმედებებსა და რუსული პროპაგანდის წისქვილზე წყლის დასხმას – დღეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძალიან კვალიფიციურად გასცა პასუხი იმას, რომ ე.წ. „მედიის განვითარების ფონდი“, თავისი „ხაზეიკას“, თამარ კინწურაშვილის მეთაურობით, არიან ცრუ ინფორმაციების გამავრცელებლები და დონორების მოსაღორებლად თავად ქმნიან ფეიკ-ნიუსებს, რომლებშიც გვიმტკიცებენ, რომ „ბნელი“ ქართველები და კიდევ უფრო „ბნელი“ ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები მხოლოდ რუსულ არხებს ადევნებენ თვალყურს და ერთი სული აქვთ, თეთრ ცხენზე ამხედრებული პუტინი იხილონ.
არადა, სწორედაც რომ ამ ტიპის „ცივილურები“ არიან რუსული ჩექმის მომხრეები თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, რაც უფრო დაძაბავენ სიტუაციას, ბიძია ჯორჯი და ქალბატონი ქეთი ხუციშვილი, ჩვენს გასანათლებლად, მით უფრო მეტ მაყუთს გამოვლენ.
ვუსმენდი ე.წ. „მედიის განვითარების ფონდის“ (არადა მართლა მაინტერესებს რას „ავითარებს“ ეს ფონდი, მაგრამ… ეჰ) ერთ-ერთ „დასავლურად მეპროპაგანდეს“ სოფო გვილავას და რობოტი სოფია გამახსენდა. რობოტი, რომელიც უფრო ინტელექტუალური იყო, ვიდრე ადამიანი, რომელიც ინტელექტის სიმწირის გამო, თავისავე მარჩენალს, ჯორჯ სოროსს დაუპირისპირდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფონდის მუშაკებს ნამდვილად არ ეცოდინებათ ფრაზა ფილმიდან „დავით გურამიშვილი“ – ატამანს ნუ აუხირდები, ეგოოორ! არ ეცოდინებათ, რადგანაც, თურმე, ისინი მხოლოდ რუსულ არხებს უყურებენ და გაფაციცებულნი ეძებენ რუსული პროპაგანდის კვალს.
არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ თუ ამ ფეიკ-ცივილურებსა და აგრესიულ ლიბერალებს თავიანთი ფალავანი – ჯორჯ სოროსი ჰყავთ, ნამდვილი, ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებების მომხრეებსა და რუსული ჩექმის აშკარა მტრებსაც გვყავს ჩვენი ფალავანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახით, რომელიც მუდამ ამხელს ამ თაღლითებს და სრული ფრონტით უპირისპირდება მათ. დანარჩენი სტატიაში“, – წერს გია გაბრიჭიძე თავის „ფეისბუქპოსტში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები