სოფელ ნატახტარში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ნატახტარში, ახალი საბავშვო ბაღი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნა. აღსაზრდელებსა და დამსწრე საზოგადოებას საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცეს, წარმატებები, ბავშვთა სიმრავლე და მშვიდობა უსურვეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ და სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა გოჩა ქავთარაძემ. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, ა(ა)იპმ ცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია, მცხეთის მერიისა და შესაბამის დაწესებულებათა თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად.
ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას 150-მდე ბავშვი შეძლებს. არის სარეზერვო ჯგუფისთვის ოთახი, სადაც ბავშვთა სიმრავლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კიდევ ერთი ჯგუფის დამატება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს აქვს სათამაშო ოთახი, საძინებელი და საპირფარეშო, ბაღში მოეწყობა ექთნისთვის და საუთოდ განკუთვნილი ოთახები, სამზარეულოს ბლოკი აღწურვილია უსაფრთხო ელექროღუმელებით, ჭურჭლის სარეცხით და საკუჭნაოებით. არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო; 3 ჯგუფზე გახსნილ ბაღში 24 ადგილობრივი პერსონალია დასაქმებული. კეთილმოწყობილია ეზო და ბაღამდე მისასვლელ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი.
საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თანადაფინანსებით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სამება“- მ განახორციელა, ხოლო საჭირო ინვენტარით აღჭურვა ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო. ნატახტრის საბავშვო ბაღის ამუშავებით კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი შეემატა მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა რიცხვს, რომლებიც მომავალი თაობის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში აღზრდა – განვითარებას უწყობენ ხელს.