გია ვოლსკი: კვაჭანტირაძე ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს

„კვაჭანტირაძემ კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა; საქმიანობა არა, უფრო უსაქმურობა და თან ეს კარგა ხანია, გრძელდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ყოფილ თანაგუნდელზე საუბარი უჭირს, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას აკრიტიკებს: „ყოფილ თანაგუნდელებზე მკაცრად საუბარი მიჭირს, ზვიადს რომ ვუსმინე დღეს, მართალი გითხრათ, გაკვირვებაც ვერ დავმალე. კვაჭანტირაძემ კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა; საქმიანობა არა, უფრო უსაქმურობა და თან ეს კარგა ხანია, გრძელდება. ამ კომიტეტის სრული გაჩერება ემთხვევა პერიოდს, რისთვისაც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. ზვიადმა გადაწყვიტა, საერთოდ არ იმუშაოს. განათლებული კაცია და ხმამაღალი განცხადებები არ შეეშლება. იყო მის მიმართ მოთხოვნები და გაიზარდა მომართვები ჩვენი დიასპორისა, რომელიც მეტ აქტიურობას ითხოვდა ჩვენგან და მთავრობისგანაც. მე არ მინდოდა, დამეკავშირებინა ეს თემები ერთმანეთთან; მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე დღეს, პირველი კენჭისყრისას, ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა; თანამდებობიდან მისი გადაყენებისთვის კი პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნული საკითხი ტექნიკურ პრობლემას დაუკავშირეს და გამეორებითი კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტეს; თუმცა, გადადგომის შესახებ განცხადება კვაჭანტირაძემ თავად გააკეთა და თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები