ევროკომისარი: გვსურს, საქართველომ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობები განავითაროს

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი, სესილია მალმსტრომი იმედოვნებს, რომ სავაჭრო სფეროში საქართველოში დემოკრატიული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობები განავითაროს. “ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და კიდევ უფრო მეტის ნახვა გვსურს. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, ფერმერებს. უკვე გამოიყო 80 მილიონი ევრო, რომლითაც ათასობით ფერმერი სარგებლობს და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე უკვე კარგად მუშაობს, თუმცა, მუდმივად საჭიროებს ზრდა-განვითარებას. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეფორმები. ვიმედოვნებთ, დემოკრატიული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველო კვლავაც ისარგებლებს იმ უპირატესობით, რაც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ღირებულებებთან. ეს განწყობა უნდა შენარჩუნდეს. ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა, უნდა იყოს გათვალისწინებული და მოსახლეობისა და ინვესტორების მხრიდან რეფორმებისადმი სრული ნდობა არსებობდეს. ​ასევე, გვსურს, საქართველომ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობები განავითაროს. ხორციელდება რეფორმები უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ამას მივესალმებით. არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს”, – აღნიშნა სესილია მალმსტრომ. ​მან საქართველოს პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და თანამშრომლობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები