გედევან ფოფხაძე: ჩინჩალაძე-მურუსიძის სია არავის უნდა, ამ საკითხზე უმრავლესობა, ჩვენ მიმართ, სოლიდარულია

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ, დღევანდელ კენჭისყრაზე საუბრისას განაცხადა, რომ საკითხი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური და მას სამართლებრივი მომენტი აკლდა. მისი თქმით, ეს მორალური საკითხი იყო.

ამასთან, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობაში მისი და ბესელიას თანამოაზრეების მიმართ სოლიდარულნი არიან.

„გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, დაისაჯოს თუ არა კოლეგა იმის გამო, რომ პრინციპული პოზიცია გამოთქვა. ის ახლა აღარ არის გუნდთან ერთად, მაგრამ, ამდენი წლის მანძილზე, გუნდის ერთგული წევრი და ერთ-ერთი ლიდერი იყო. რეალურად, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პრინციპულობა გამოიჩინა მომენტში, როცა უნდა გამოეჩინა. ზუსტად ვიცი, რომ უმრავლესობას, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთან მიმართებით,  სოლიდარული განწყობა აქვს. ჩინჩალაძე-მურუსიძის სია არავის უნდოდა და დღესაც ეს ყველასთვის მორალური სტანდარტია, რომელსაც ვერ არღვევენ. უმრავლესობაში რომ 76 ადამიანი არ გამოიძებნა, რომელიც, ჩემი აზრით, სამარცხვინო გადაწყვეტილებას მიიღებდა, მე-9 მოწვევის პარლამენტის ისტორიაში, ძალიან კარგი ნიშანია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მორალური ღირებულებები კიდევ ბრძოლის რეჟიმშია და ებრძვის ამორალობას, რომელსაც თავს ახვევენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს მორალური სტანდარტი არ გააჩნიათ, არც „ქართული ოცნების“ ისტორია ახსოვთ და არც ამ ისტორიის ნაწილნი არიან. ისინი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, მორალურად დაცლილნი იყვნენ. ფაქტია, „ქართული ოცნება“ მორალისგან დაცლილი არ არის. იმედი მაქვს, ყველა თავის ღირსებას დაიცავს. ვინც ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას ხმა მისცა, მაინც ერთ ტაფაში არ დავწვავ და ერთნაირად ხაზს არ გადავუსვამ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები