პრემიერი: ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან, სესილია მალმსტრომთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
​პრემიერის თქმით, ევროპის ბაზარზე 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რაც, მისივე განცხადებით, საამაყოა. “მივესალმები ქალბატონი სესილია მალმსტრომის ჩამობრძანებას საქართველოში და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამ ვიზიტისთვის. ევროკომისართან და მის გუნდთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კერძოდ – სავაჭრო ურთიერთობა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და, ბუნებრივია, ამ ურთიერთობების დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულ შეხვედრას – გასული წლის 21 ნოემბერს – როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა ფორმატი.
ბრიუსელში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, ევროკომისრებთან ერთად, განგვეხილა დამატებითი პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ, რამდენიმე წელია, ვსარგებლობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და კარგი შედეგები. პირველ ყოვლისა, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ დინამიკაზე, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ევროკავშირია საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი, ყოველწლიურად, იზრდება ევროკავშირის ბაზარზე და,ამავე დროს, ფართოვდება საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი. მისასალმებელია, რომ 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე. ისინი თავის პროდუქციას ყიდის წარწერით – Made in Georgia, რაც განსაკუთრებით საამაყოა და მინდა, თითოეულ ამ კომპანიას მადლობა გადავუხადო. ჩვენს მეწარმეებს ეზრდებათ მოტივაცია, აწარმოონ ევროპული ხარისხის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ევროკავშირის ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე ევროპულ ბაზარზე შეგვიძლია გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი. ამასთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე, რომლის გატანასაც, სამომავლოდ, ევროპის ბაზარზე შევძლებთ”, – აღნიშნა პრემიერმა. ​
მისივე თქმით, ევროკომისიის დახმარებით, შემუშავდა საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები