ზვიად კვაჭანტირაძე: ივანიშვილის სახელით მანიპულირება დიდი ხანია, გრძელდება ე.წ. მმართველ გუნდში

“ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირება უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება ე.წ. მმართველ გუნდში და, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის მმართველ გუნდში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა. „ძალიან დიდი სტრესი იყო, რომელიც ჩემმა მეგობრებმა და ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანეს და უმრავლესობის სხდომას დაასწრეს, რათა ანტურაჟი შეექმნათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. საერთოდ, ამ ადამიანის სახელით მანიპულირება უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება ე.წ. მმართველ გუნდში და, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის მმართველ გუნდში, რის საპროტესტოდაც მაშინ ის ნაბიჯი გადავდგით და უმრავლესობა დავტოვეთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, კენჭისყრამ აჩვენა, რომ “ქართულ ოცნებას” დრეს უმრავლესობა არ ჰყავს. „ძალიან მწყდება გული იმ ადამიანებთან განშორების გამო, რომლებიც ჩემი თანამებრძოლები იყვნენ და ვისი აზრები, დღესაც ვიცი, რომ აბსოლუტურად სოლიდარულია ჩვენს აზრებთან. იმათ, ვინც დღეს მხარი არ დაუჭირა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენ მიერვე მიღებულ რეგლამენტს, დიდი და გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო. დღეს, პრაქტიკულად, ვაჩვენე, ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია „ქართული ოცნება“ – უმრავლესობა. მაინც მივიჩნევ, რომ, სესიის ბოლომდე, ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან, რადგან ჩვენ უკვე სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება გვაქვს გადაწყვეტილი, რაშიც, შეიძლება, კომიტეტის თავმჯდომარეობამ ხელი შემიშალოს. თუმცა, ამ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ. ეს იყო აბსოლუტურად მიზანდასახული პოლიტიკური მოქმედება, გვეჩვენებინა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს უმრავლესობა არ ჰყავს. ამ კენჭისყრამ ეს აჩვენა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. 67-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კვაჭანტირაძის გადაყენების ინიციატივას, მოწინააღმდეგე 8 აღმოჩნდა, ქვორუმი კი 76 იყო. “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები