სესილია მალმსტრომი: ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები, მომდევნო წლების მანძილზე, კიდევ უფრო გაიზარდოს

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ ვიმყოფები თბილისში. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს”, – ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია, რაც ჩვენს ურთიერთობაში უზარმაზარი წარმატებაა. თუმცა, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია და სწორედ ამიტომ ვიმყოფები საქართველოში“, – განაცხადა ევროკომისარმა. მისი თქმით, პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს პერსპექტივები, რომლებიც, შეიძლება, გამოყენებულ იქნას, რათა ქართველმა მეწარმეებმა უკეთ იცოდნენ, რა სარგებელი შეიძლება, მოუტანოს მათ ევროკავშირის ბაზარმა და უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ამ ბაზარზე. „ჩვენ ვცდილობდით, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, გამოგვევლინა გზები და საშუალებები იმისა, რომ ქართველ მეწარმეებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეიძლება, საქართველომ უკეთ გამოიყენოს საექსპორტო პოტენციალი. თუ ამ პროცესში რამე სირთულეები არსებობს, ისინი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გადავლახოთ“, – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.
ევროკომისარმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება მიულოცა. „მნიშვნელოვანია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ვულოცავ ამას საქართველოს. ეს განზრახვები უნდა გადაიზარდოს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები, მომდევნო წლების მანძილზე, კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი კონსოლიდაცია შემოვიტანოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატში, რომ ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და, ამ ყველაფრის შედეგად, შეიქმნას სამუშაო ადგილები“, – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.
მისი თქმით, ბევრი ქართული პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე, თუმცა, მეტის ნახვის სურვილი არსებობს. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და კიდევ უფრო მეტის ნახვა გვსურს. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, ფერმერებს“, – აღნიშნა სესილია მალმსტრომმა. როგორც ის ამბობს, უკვე გამოიყო 80 მილიონი ევრო, რომლითაც ათასობით ფერმერი სარგებლობს და ახალი სამუშაო ადგილები იქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები