ზვიად კვაჭანტირაძე მისი ვერგადაყენების საკითხს აფორიზმით გამოეხმაურა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, თავმჯდომარეობიდან მისი ვერგადაყენების საკითხს ცნობილი აფორიზმით გამოეხმაურა – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.
მისი თქმით, პარლამენტში თავაშვებულ და თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი. ​როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირება დიდი ხანია, მმართველ გუნდში გრძელდება.
„ალბათ, ყურადღებით ადევნებდით თვალ-ყურს მსჯელობას. ჩვენი მიზანი პარლამენტში ამ მსჯელობის წარმართვა იყო. ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა იმის თაობაზე და კიდეც დადასტურდა, რომ პარლამენტის დღევანდელი მმართველო გუნდი ეწევა, აბსოლუტურად, ვოლუნტარისტულ პოლიტიკას. თავაშვებულ და თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი პარლამენტში. გულწრფელად გითხრათ, შესაძლო იყო, დღეს სხვა გადაწყვეტილებაც მიმეღო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომელიც მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არცერთ შემთხვევაში გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე. ​მიუხედავად ძალიან დიდი სტრესისა, რომელიც ჩემმა მეგობრებმა და ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანეს და უმრავლესობის სხდომას დაასწრეს, რათა ანტურაჟი შეექმნათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. საერთოდ, ამ ადამიანის სახელით მანიპულირება უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება ე.წ. მმართველ გუნდში და, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის მმართველ გუნდში, რის საპროტესტოდაც მაშინ ის ნაბიჯი გადავდგით, რაც გადავდგით და უმრავლესობა დავტოვეთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები