„კიბერგალაკტიონი – ალგორითმები და ხელოვნება“ – საჯარო ლექცია და გალაკტიონის ჩანახატების გამოფენა გაიმართება
22 მარტს, 14:30 საათზე, მწერალთა სახლში, გალაკტიონის ჩანახატების გამოფენა და საჯარო ლექცია „კიბერგალაკტიონი – ალგორითმები და ხელოვნება“ გაიმართება. საჯარო ლექციას გაუძღვებიან პირველი ქართული ჩეთბოტის შემქმნელები, მწერალი ზურა ჯიშკარიანი და „ჯეო ლაბის“ დირექტორი, სანდრო ასათიანი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციაზე საუბარი იქნება ციფრული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზებზე; კერძოდ, ჩეთბოტებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მის შესაძლებლობებზე ლიტერატურასთან და ხელოვნებასთან მიმართებით.
„შესაძლებელია თუ არა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით “გავაცოცხლოთ” გარდაცვლილი ავტორები? ვესაუბროთ ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს? შესაძლებელია თუ არა, ავტორმა სიცოცხლის შემდეგაც განაგრძოს თავისი შემოქმედება?
კიბერგალაკტიონი პირველი ქართული ჩეთბოტია. პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, „ესაუბროთ გალაკტიონს”. ჩეთბოტში ჩატვირთულია გალაკტიონის ლექსები, ნაწყვეტები დღიურებიდან და წერილებიდან. როცა მას ესაუბრებით, ის გპასუხობთ სწორედ ამ მონაცემებიდან, გალაკტიონისვე ენით და აჩენს შეგრძნებას, რომ ღამით მარტო დარჩენილებს ეკრანთან შეგიძლიათ, ესაუბროთ თქვენს საყვარელ პოეტს, დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა.
ჩეთბოტის მიზანია, მოახდინოს გარდაცვლილ პოეტთან საუბრის იმიტაცია, მაგრამ სადაა ის ზღვარი, როცა ტექნოლოგია მოგვცემს საშუალებას, იმიტაცია გადავიდეს უფრო ახალ და სხვა ეტაპზე? ლექციის განმავლობაში, შევეხებით ამ და სხვა საინტერესო თემებს ჩეთბოტების, ციფრული უკვდავებისა და ლიტერატურის სფეროებიდან“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა და ლექცია ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 60 წლისთავს.