პირს, რომელსაც თურქეთიდან მანქანის სალონის საჰაერო სისტემაში დამალული ნარკოტიკი შემოჰქონდა, 15 წელი მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე შ.ჰ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ.ჰ. 2018 წლის 7 მაისს, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო – გამშვებ პუნქტ „კარწახის“ გავლით, ავტომანქანა „მერსედესით” შემოვიდა, რომლის სალონის საჰაერო სისტემაში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების „ბუპრენორფინის“ შემცველი 1400 აბი „სუბოქსინი” (საერთო წონით 11,1992 გრ.) უკანონოდ შემოიტანა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შ.ჰ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
„ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ შ.ჰ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა, რითაც ნარკოტიკული საშუალება საქართველოში შემოიტანა“, – აცხადებენ პროკურატურაში.