ანრი ოხანაშვილი: ოპონენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათთვის სასურველ ადგილებს კითხულობენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება. მან მნიშვნელოვნად შეაფასა ის ფაქტი, რომ ანგარიშში „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზეა“ საუბარი.
​თავმჯდომარემ ოპონენტებს ურჩია, მხოლოდ მათთვის სასურველი ადგილები არ წაიკითხონ.
„ეს არ არის შეფასებითი დოკუმენტი, ეს არის თავმოყრა იმ შეფასებების, რომელიც არის ეუთო-ს დასკვნაში, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციებში ასახული. ჩვენთვის დეპარტამენტის ნებისმიერი შეფასება ღირებულია და მას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. არის გამოწვევები და მის გადაჭრაზე ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში ასახულია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ის დანაშაულებრივი ქმედებები და კანონდარღვევები, რომელიც არჩილ ტატუნაშვილთან მიმართებაში მოხდა და საუბარია „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე”.
ოპონენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათთვის სასურველ ადგილებს კითხულობენ, მაგრამ მათ ვურჩევდი, ის ადგილები წაიკითხონ, სადაც საუბარია მედია პლურალიზმზე, კანონის უზენაესობის დაცვაზე, პროგრამებსა და პროექტებზე.​
​წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენთვის უპირატესი, ანგარიშების გაანალიზებაა. ასეთი ანგარიშის დროს, შესაბამის მიმართულებებს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერით ვაუმჯობესებთ“, – დასძინა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები