სალომე სამადაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: გვითხრეს, რომ ქვეყანაში დემოკრატია, ფაქტობრივად, არ არსებობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველოს უთხრეს, რომ სახელმწიფოში დემოკრატია, ფაქტობრივად, არ არსებობს. მისივე თქმით, გზავნილი ნათელია, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური სისტემა ქვეყანას არ აქვს ევროატლანტიკური მომავალი.
„რას ნიშნავს ეს ანგარიში? ეს ანგარიში ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერანაირად ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ნატო და ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება. ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატია, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო დარჩება ღარიბ და განუვითარებელ სახელმწიფოდ, რადგან არცერთი ინვესტორი, რომელიც წაიკითხავს ამ ანგარიშს, არ ჩადებს ფულს და ინვესტიციას ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. შესაბამისად, ამ ანგარიშის გზავნილი ჩვენთვის, ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან ნათელი – თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, რეალურად, ჩვენს ქვეყანას არ აქვს არც დაცული, არც უსაფრთხო და არც არანაირი ევროატლანტიკური მომავალი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები