,,ელექტროშოკით აწამებდნენ, რის გამოც გული გაუჩერდა” – მედიაში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ვერსია ვრცელდება
,,კურიერის” ინფორმაციით, რუსულ ბაზაზე დაკავებულ ირაკლი კვარაცხელიას ელექტროშოკით აწამებდნენ, რის გამოც გული გაუჩერდა, ამის შემდეგ კი, ოკუპანტებმა მისი თვითმკვლელობის სცენა დადგეს.
ახალგაზრდის ცხედარი ენგურის მეორე მხარეს ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. მანამდე კი რუსულ საგუშაგოზე ის ევროკავშირისა და წითელი ჯვრის თანდასწრებით ექსპერტებმა შეამოწმეს.
სამედიცინო პროცედურების დასრულების შემდეგ მას სენაკში გადაასვენებენ.
ირაკლი კვარაცხელია, რომელსაც მშობლები არ ჰყავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ ნაბაკევსა და ხურჩადან გადადიოდა ხოლმე, თუმცა ამჯერად მისი მცდელობა საბედისწერო აღმოჩნდა. ის რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო დააკავეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
29 წლის მამაკაცი ორშაბათს დაიღუპა. ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვას ოკუპანტები სოხუმში, უპატრონოთა სასაფლაოზე აპირებდნენ, მანამ სანამ მას ოკუპირებულ აფხაზეთში ერთადერთი ნათესავი არ გამოუჩნდა, რომელიც მის გადმოსვენებას საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ელოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი ამტკიცებს, რომ ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვის დროს, როდესაც ის ოკუპანტებმა მარტო დატოვეს თავი ჩამოიხრჩო.