„თუ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება“
„თუ საოკუპაციო რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ვალერი კვარაცხელიას ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეთნიკური ქართველები, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დევნისა და ძალადობის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდებიან.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ახალგაზრდის, ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს. ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკაშირებით, ბუნებრივია, გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, სანამ არ გაირკვევა სიმართლე. ამაზე შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ და იმედი მაქვს, მალე გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა მოხდა სინამდვილეში. თუ საოკუპაციო რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება. ჩვენი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებებში დაღუპვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული რეალური ბერკეტი სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგომა და მათი მხრიდან ასეთ ფაქტებზე რეაგირებაა“,- განაცხადა სოფო კილაძემ.