მამუკა მდინარაძე: კანონპროექტი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, უფრო დაიხვეწება

კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, კიდევ უფრო დაიხვეწება, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ჯანი ბუკიკიოს განცხადებებს.
როგორც მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ვენეციის კომისიასთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის პრაქტიკა ჯერ კიდევ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობის დროს დაიგეგმა.
„ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია ინტენსიურ რეჟიმში გვაქვს. როდესაც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვმუშაობდით, დასაწყისშივე დამკვიდრდა ეს პრაქტიკა. ჩვენ მათ გავუგზავნეთ პროექტი, პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებდით საკომიტეტო მოსმენებს, განხილვებს, მათ შორის საზოგადოებასთან. ასეთივე პარალელურ რეჟიმში იქნება მუშაობა ვენეციის კომისიასთან ამ პროექტზეც. პირველ რიგში ისინი დებენ შუალედურ დასკვნას, სადაც პრინციპებთან დაკავშირებით საერთო აზრი ჩამოყალიბებული აქვთ და შემდეგ გადადიან დეტალებზე. აქედან გამომდინარე, საკომიტეტო მსჯელობები, მათ შორის საჯარო სივრცეში, ხელს არ შეუშლის ვენეციის კომისიის მუშაობას და ჩვენ ახლაც, როგორც მაშინ, გზადაგზა, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად, კიდევ უფრო დაიხვეწება.
,,ისინი არიან ამ პროცესებზე ობიექტური დამკვირვებლები, ყველაზე კომპეტენტურები, ყველაზე მიუკერძოებლები – ამას აღიარებს თანამედროვე მსოფლიო და ჩვენ, შესაბამისად, ვითვალისწინებთ მათი რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს, ჩვენი ქართული სპეციფიკიდან და იმ სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი, რომელიც არის ძალიან დახვეწილი, კიდევ უფრო დაიხვეწება მათი რეკომენდაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად. თუკი რაიმე პატარა ხარვეზი არის ამის აღმოფხვრაც შესაძლებელია, თუმცა პრინციპების დონეზე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული კანონპროექტი და ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებია მათში გაწერილი, მათ შორის მკაცრი პროცედურები, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია სასამართლოს საბოლოო გაჯანსაღებისა და დამოუკიდებლობისაკენ. რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებაც კი არ ჰქონდეთ რიგ ადამიანებს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები