სალომე ზურაბიშვილი: ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი, ვიდრე მარტო

საქართველოს პრეზიდენტი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე საქართველო – სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და საქართველო – ევროკავშირის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან როგორც პრემიერმა პირველი ვიზიტი საქართველოში განახორციელა, რაც სომხეთის მთავრობის დამოკიდებულების მანიშნებელი და საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმაა.
„ჩვენს ურთიერთებში უნდა დავეყრდნოთ სტრატეგიულ – საერთო ინტერესს და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ასეთი პასუხი მივიღე. ახლა დროა ეს ურთიერთგაგება მოქმედებაში მოვიყვანოთ“,- აღნიშნა ფაშინიანმა.
როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს და სომხეთს ბევრი რამ აერთიანებს – გეოგრაფია, ისტორია, მომავალი და მომავლის გეგმები.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის. ასევე ერთობლივი, უფრო მჭიდრო ურთიერთობებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ევროკავშირია.
„ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი ვიდრე მარტო, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა საქრათველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები გაზრდილია საქართველოს მიერ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით.
მნიშვნელოვანია, რომ სომხეთი ტურიზმის სფეროში საქართველოს პარტნიორია. მაღალია ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის მაჩვენებლი.
სომხეთს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია, ასევე, საქართველო მოწინავე ადგილზეა სომხეთში შესულ ვიზიტორთა რაოდენობით.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას, მათ ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებს. მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო – სომხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხი დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა 2018 ამოეწურა“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე სომხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში, ქართველი სპეციალისტების ჩართულობის საკითხიც დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები