ქეთევან ციხელაშვილი: ყველას მოვუწოდებ, რომ ტრაგედიებით ნუ ვისპეკულირებთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ გალში, დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდება.
​მან ყველას მოუწოდა, რომ ტრაგედიით მანიპულირება არ მოხდეს.
„მოგეხსენებათ, ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემოვიდა გუშინ, ცხელი ხაზის მეშვეობით. შემოსული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. ვიდრე ჩვენ ხელთ არ იქნება მეტი დეტალი, მეტი მასალა იმისთვის, რომ უფრო დაზუსტებულ გარემოებებზე ვისაუბრო, ცხადია მე ამას ვერ გავაკეთებ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყველა ინსტრუმენტის გააქტიურებით ეს გარემოებები გამოვლინდეს. დღეს სოხუმში გაემგზავრნენ საქართველოში მყოფი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. მათ ექნებათ კონკრეტული კითხვები და მოთხოვნები. ასევე, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მე მაქვს მოლოდინი, რომ ცხედრის გადმოცემა უახლოეს პერიოდში მოხდება. ჩვენ ყველანი მობილიზებული ვართ ამისთვის. რაც შეეხება კადრებს, რაზეც საუბრობს დეფაქტო რეჟიმი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.
ოპოზიციას ძალიან შეეშალა საყვედურების მისამართი იმიტომ, რომ ამას აკეთებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი და თუ მაინცდამაინც ხელისუფლებაზეა საუბარი, ერთი სიტყვა – ყოფილი – რომ დაემატებინა, უფრო სამართლიანი იქნებოდა. საუბედუროდ, 10 წელია ასეთი მახინჯი პრაქტიკა გრძელდება და მაშინ ხელისუფლებაში იგივე წარმომადგენლები იყვნენ, ვინც დღეს ამას ამბობს. ყველას მოვუწოდებ, რომ ტრაგედიებით ნუ ვისპეკულირებთ. არ არის ეს ნორმალური”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები