ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირის მნიშვნელობასა და პარლამენტების განსაკუთრებულ როლზე ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში. მხარეების შეფასებით, ამ მიმართულებით, წარმატებულად საქმიანობენ საქართველოს პარლამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტში შექმნილი მეგობრობის ჯგუფები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საქართველოსა და ირანის როლს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, საქართველოს პარლამენტი და ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტი თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი