არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიის დასკვნები მოხსნის კითხვებსა და ბრალდებებს, რომლებიც შეიძლება, კანონპროექტის განხილვისას წარმოიშვას

„უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს ვენეციის კომისია შეაფასებს და მისი რეკომენდაციები საჯარო იქნება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც მონაწილეობის, სიის ფორმირებისა და კენჭისყრის ეტაპებზე პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვან პრინციპებს მოიცავს.
„სხვადასხვა მხარეს კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები რომ არ ჰქონდეს, მივმართეთ ვენეციის კომისიას, შეაფასებს კანონპროექტს და თავის რეკომენდაციებსა და დასკვნებს გამოგვიგზავნის, რომელიც საჯარო იქნება. შესაბამისად, ეს დასკვნები მოხსნის კითხვებსა და ბრალდებებს, რომელიც შეიძლება, პროექტის განხილვის პროცესში წარმოიშვას”, – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროექტში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ მხარეს დასაბუთებული არგუმენტებით შეეძლება და ეს პროცესები ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით. ამასთანავე, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები