თამარ ჩუგოშვილი: მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე დასკვნას ვენეციის კომისია მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს

“მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი შეფასებების კუთხით, განსაკუთრებით, კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილებების შეფასების კუთხით, ვენეციის კომისია ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოა.
„ისინი ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს სამართლებრივ სისტემას. წლებია, მათ შორის, მართლმსაჯულების თემებზე დასკვნებს ამზადებენ. ვენეციის კომისიამ, როგორც კი ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, მაშინვე გამოხატა მზაობა, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა. კანონპროექტი მიწოდებულია და ვენეციის კომისია მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს თავის დასკვნას. რამდენიმე მთავარი პრინციპია, რაც გვაქვს გათვალისწინებული. პირველ რიგში, ეს არის ყველა ეტაპზე გამჭვირვალე პროცესი, როგორც იუსტიციის საბჭოს შერჩევის ეტაპზე, ასევე პარლამენტში. ასევე, პროცესი ითვალისწინებს კონკურენტულ ღია შერჩევას და ხანგრძლივ პროცედურას. სხვა კანონპროექტებზე ისინი დასკვნას არ მოამზადებენ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამასთანავე, მისივე თქმით, ვენეციის კომისია თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ დოკუმენტზე ამზადებს ოფიციალურ დასკვნას.
„არ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა პროექტს მიაწოდებენ, გაეცნობიან, შეიძლება, გაითვალისწინონ კიდეც დასკვნაში, მაგრამ დასკვნას მოამზადებენ იმ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის გაგზავნილი”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები