ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის დღის წესრიგი ნეგატივზეა აგებული, რათა მიმდინარე დადებითი პროცესები დააკნინონ

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია არასწორად მიმდინარეობს.
როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დრო და სივრცე აერია, რადგან სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა ფასადური და ყალბი განახლებები.
„ოპოზიციის განცხადება არის ყოვლად მიუღებელი, ეს არის არაპროფესიონალის და პოპულისტის განცხადება. ეს მათი ხელისუფლების დროს ხდებოდა შენობების შეფერადება – გაფერადება, რომელიც მალევე ხელმეორედ იყო გასაკეთებელი“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ინფორმაციით, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და ჯამში 125 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მისივე თქმით, ხელისუფლება ამ პროექტებზე სიღრმისეულად მუშაობს. ირაკლი ზარქუას თქმით, 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული სანიაღვრე სისტემის გასაკეთებლად, რომელიც ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ არსებობდა, მოეწყო ასევე სადრენაჟო სისტემა. ირაკლი ზარქუას განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ოპოზიციის საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ორბელიანის მოედანზე ერთ-ერთი ისტორიული შენობა, რეაბილიტაციის შედეგად აღდგა და განახლდა. ოპოზიციის დღის წესრიგი კი ნეგატივზეა აგებული, რომ საუკუნის პროექტები დააკნინონ. ეს არის მათი ამოცანა, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე არსებული შენობების კულტურული, ისტორიულ-ღირებულებითი ნაწილი აუცილებლად შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები