ირაკლი კობახიძე საბერძნეთისა და ყაზახეთის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს, დიმიტრიოს კარაბალისს და ყახაზეთის რესპუბლიკის ელჩს, ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.
საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.
საუბარი, ასევე, შეეხო საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასა და ორმხრივი ურთიერთობების სხვა აქტუალურ საკითხებს.
ელჩმა ირაკლი კობახიძეს საბერძნეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მისივე შეფასებით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იყო მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოსთვის, რაც უნდა შენარჩუნდეს.
ყახაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილა. ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეების შეფასებით, არსებობს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის კიდევ უფრო გაზრდის პოტენციალი.
საუბარი შეეხო ყახაზეთში მცხოვრებ ქართულ სათვისტომოს, ასევე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ბაურჟან მუხამეჯანოვის განცხადებით, ყახაზეთი დაინტერესებულია ქართული გამოცდილების გაზიარებით, მათ შორის, სამართალდაცვითი სისტემის რეფორმისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები