თამარ ხულორდავა: საერთაშორისო პარტნიორების იმედად ვართ, თუ არაადამიანურად მოექცნენ, სათანადო რეაგირება აუცილებლად მოხდება

თუ დადასტურდება, რომ ირაკლი კვარაცხელიას არაადამიანურად მოექცნენ, ამაზე სათანადო რეაგირება აუცილებლად მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.
მანვე მომხდარს ტრაგედია უწოდა.
„ასეთი რამე პირველად არ ხდება, თუმცა კონკრეტულად მტკიცებით ფორმაში რაღაცის თქმა მიჭირს, რადგან ბევრი რამ გასარკვევია. როგორც იცით, ინფორმაცია არსებობს, რომ დაკავებული ჰყავდათ და მისი გარდაცვალება ამ პირობებში მოხდა. აუცილებელია, ყველა გარემოება და ყველა ფაქტი დადგინდეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაღაც მოქმედებების ჩატარება გვიჭირს და საერთაშორისო პარტნიორების იმედად ვართ. ძალიან მკვეთრი ტექსტია მოცემული, თუ როგორ აფასებს ევროკავშირი თავისი ურთიერთობის მომავალს რუსეთთან. ის ამბობს, რომ არ შეიძლება, რუსეთი განიხილოს სტრატეგიულ პარტნიორად სწორედ იმის გამო, რომ მუდმივად არღვევს საერთაშორისო წესრიგს, ნორმებს და ამ კონტექსტში ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს მოიხსენიებს. ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაში იქნება მხილებული, უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში და ამისთვის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
 
გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები