გოჩა ფიფია: მოგმართავთ საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს-არ გაქვთ უფლება, ბიზნესის თავისუფლებაზე “გონორით” ისაუბროთ

მოგმართავთ თქვენ, ქართული საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს – თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება გონორით ისაუბროთ ბიზნესის თავისუფლებაზე, რადგანაც არ მახსოვს თქვენი ხმა, როცა ბიზნესმენებს სასტიკი გზებით ბიზნესებს ართმევდნენ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, კომპანია „ზეარისის“ ხელმძღვანელმა, გოჩა ფიფიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფიფია იმ ბიზნესმენების ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ.
როგორც ფიფიამ აღნიშნა, დღეს ბიზნესგარემო თავისუფალია.
„არასდროს, არცერთი ხელისუფლების წინაშე არ მქონია ვალდებულება. თუ ვინმე ქრონოლოგიას მიჰყვება, მგონია, რომ ჩამოიყალიბებს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მთელი არსებობის მანძილზე ბიზნესში, თუ სხვა მიმართულებით, ყოველთვის ვცდილობდით გვეთქვა ის, რასაც ვფიქრობდით.
ფაქტი ერთია, რომ ნაცისტებს, ე.წ. „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტ ძალებს, საქართველოს მტრებს იერიში მოაქვთ ქართული აზროვნების, ქართული ფუნდამენტური ღირებულებების ყველა მიმართულებაზე, მათ იერიში მოიტანეს ქართულ აზროვნებაზე, ფილოსოფიაზე, სულიერებაზე, ყოფაზე, ქართულ იდენტობაზე.
ბიზნესის კეთების თავისუფლებით უკანასკნელი 7-8 წელიწადი 30 წლის მანძილზე გამორჩეულია.
ვერ ვიფიქრებდი, რომ ნაცისტური, ე.წ. „ნაციონალური მოძრაობა“ იერიშს ბიზნესზეც მოიტანდა. მათ ეს მოახერხეს და ქართული ეკონომიკის და ბიზნესის განზრახ მკვლელებთან ერთად, მოინდომეს სისხლით მოპოვებულ თავისუფლებაზე იერიშის მიტანა.
პირველ რიგში, მოგმართავთ თქვენ, ქართული საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს – თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება გონორით ისაუბროთ ბიზნესის თავისუფლებაზე, რადგანაც არ მახსოვს თქვენი ხმა, როცა ბიზნესისა და ბიზნესმენების მკვლელობების პროცესები მიმდინარეობდა, როცა ბიზნესმენებს კლავდნენ, როცა ბიზნესმენები თავს იკლავდნენ, როცა ბიზნესმენებს სასტიკი გზებით ბიზნესებს ართმევდნენ. ხომ არ თანამონაწილეობდით თქვენც ამ პროცესებში? მე შეგნებულად არ ვისაუბრებ ამ თემაზე, რადგან ამ თემაზე საუბარი, მხოლოდ პირდაპირ ეთერშია შესაძლებელი, თუმცაღა, ასეთი ეთერები ჩვენთვის დახშულია.
ახლა კი, რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო ფადი ასლებო, რა თქმა უნდა, შეგნებულად მრავლობითში, თქვენ ტიპური წარმომადგენელი ხართ იმ ნაცისტური, ე.წ. „ნაციონალური მოძრაობის“ , რომელმაც თავის დროზე, გასაქანი მისცა თქვენნაირ ფსევდობიზნესმენებს, რომელთაც მოახერხეს და მექრთამეობით, სიყალბით მიაღწეს იმ სიმაღლეებს, საიდანაც თქვენ დღეს ჩვენ გვესაუბრებით. ამერიკის მოქალაქეობას ამოფარებული უკვე შეიძლება ითქვას, ათეულობით წელია მორალს გვიკითხავთ და ცხოვრების წესებს გვიდგენთ. ჩვენ, ქართველი ბიზნესმენები, ასეთი იერიშის მოტანის შანსს არ მოგცემთ და გაფრთხილებთ, ნაციზმთან და ე.წ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გადაგვეღობება წინ, უგუნური მოყვარე, თუ გონიერი მტერი“, – განაცხადა ფიფიამ.

მანვე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ზეწოლის მსხვერპლი იყო.
„მე ვარ გამორჩეული, ნომერ პირველი მსხვერპლი. გაგახსენებთ, კომპანია „უშბას“ , რომელზეც განხორციელდა შეტევა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო დებულება ფინანსური პოლიციის შესახებ მიღებული, ასეთ პერიოდში დაგვესხა თავს ფინანსური პოლიცია. ნომერ პირველი თავდასხმა განხორციელდა ჩვენზე. ნომერ პირველი, ფორმალურადაც და არაფორმალურადაც, „მასკიანები“ შემოვარდნენ ჩვენთან. ჩვენ იძულებულები გავხდით, დაგვეთმო ჩვენი ბიზნესი. სამჯერ იყო განხორციელებული ჩვენზე ინსცენირება დახვრეტის და ა.შ.“, – განაცხადა ფიფიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები