დალია გრიბაუსკაიტე: ძლიერ ქალებს ყოველთვის ეკავათ განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიაში

დარწმუნებულები ვართ, რომ ისტორიული და პოლიტიკური გამოცდილებით, საქართველო შეძლებს, საკუთარი წვლილი შეიტანოს უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპის აღმშენებლობაში, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ერთ-ერთი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით ეწვია ლიეტუვას.

ლიეტუვა და საქართველო მამაცი ქვეყნები არიან, რომელთაც უყვართ და აფასებენ თავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს ათასობით კილომეტრი აშორებს, ჩვენ ერთმანეთისათვის ძალზე ახლობლები ვართ. ერთმანეთში ჩვენ ვხედავთ თანაზიარ ისტორიულ გამოცდილებას, ოკუპანტებისადმი წინააღმდეგობის სულისკვეთებას, რაც ასე გვაერთიანებს, ასევე მტკიცე მისწრაფებას დავიცვათ ჩვენი კულტურა და ტრადიციები“, – აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველომ და ლიეტუვამ სიამაყით აღნიშნეს სახელმწიფოებრიობის აღდგენის ასი წლისთავი.

„მაისში თბილისში ვიზიტისას შესაძლებლობა მქონდა, სიხარულით აღმენიშნა, რომ ამიერიდან ლიეტუვურ ენაში თქვენი ქვეყნის დასახელება – საქართველო – ისევე ჟღერს, როგორც ქართულ ენაში. ასევე მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, გამომეხატა მადლიერება, რომ ჩვენი ქვეყნის – ლიეტუვის დასახელება ქართულ ენაშიც უკვე ისევე ჟღერს, როგორც ლიეტუვურად.

ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, ვინაიდან ჩვენს წინაშე კვლავაც არსებობს იდენტური საფრთხეები და გამოწვევები. საქართველოს ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. არამეგობრულად განწყობილი მეზობელი სამხედრო ძალით ემუქრება როგორც ლიეტუვას, ისე სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირსა და ნატო-ს, ასევე მივისწრაფვით ჩვენი ერთგული მოკავშირეების მხრიდან საქართველოს დახმარების უზრუნველყოფისაკენ. დარწმუნებულები ვართ, რომ ისტორიული და პოლიტიკური გამოცდილებით თქვენი ქვეყანა შეძლებს, საკუთარი წვლილი შეიტანოს უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპის აღმშენებლობაში“, – აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

საკუთარი სიტყვის დასასრულს, დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ძლიერ ქალბატონებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ეკავათ განსაკუთრებული ადგილი.

„თამარ მეფემ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აჩვენა მსოფლიოს, რომ ბევრს შეიძლება მიაღწიო ბრძნული და გამბედავი მმართველობით.

დღესაც ვხედავთ, რომ რთულ დროებაში ქალები ასევე გაბედულად იღებენ პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის მომავლისთვის.

მინდა, შემოგთავაზოთ ლიეტუვისა და საქართველოს მეგობრობის სადღეგრძელო, რასაც ვერ შეაფერხებს ვერც გეოგრაფიული სიშორე, ვერც გამყოფი ზღვები და მთები!

ლიეტუვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, – აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები