საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 31 მაისამდე შეწყვეტილია
ვირუსული მენინგიტის გავრცელების გამო საქართველოში სწავლის პროცესი 30 მაისის ჩათვლით შეწყდა- ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების თაობაზე დღეს საღამოს, რესურსცენტრების საშუალებით, ყველა სკოლას ეცნობება. რაც შეეხება გაცდენილ საათებს, ნატა ასათიანის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება და გაცდენილი დრო საპატიოდ ჩაითვლება. “არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. რეგიონებში კი, რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა კლებაც არ ფიქსირდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონებში მდგომარეობის გართულება, ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს რეკომენდაციას, საბაზო საფეხურზე (I-VI კლასის ჩათვლით), სწავლა 30 მაისის ჩათვლით შეწყდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე დღეს, საღამოს რესურცენტრების საშუალებით, ყველა სკოლას ეცნობება. რაც შეეხება, გაცდენილ საათებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება და გაცდენილი დრო ჩაითვლება საპატიოდ”, – აღნიშნა ნატა ასათიანმა. საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში, კერძოდ მე-6 კლასის ჩათვლით და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე შეწყდა.