კვიპროსის რესპუბლიკაში მეორე ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

ლიმასოლში, ნიქოზიას შემდეგ, კვიპროსის რესპუბლიკაში მეორე ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. საქართველოს საელჩოსა და კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოლაპარაკების შედეგად, საკვირაო სკოლა განთავსდა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე. კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  სამინისტრომ საკვირაო სკოლას ხსენებული შენობა უსასყიდლოდ დაუთმო.
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა, დედის დღე მიულოცა და წარმატებული ახალი სასწავლო სემესტრი უსურვა. ელჩმა ასევე ისაუბრა იმ სიახლეებსა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელთა ჩატარება წლის განმავლობაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის იგეგმება და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაეცემათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, საგანგებოდ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები.
ლიმასოლში ახლად გახსნილ ქართულ საკვირაო სკოლაში 30-მდე მოსწავლე ირიცხება. ბავშვებს ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ხატვის, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილები ჩაუტარდებათ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები