ვახტანგ მაისაია: როგორც ჩანს, კარასინმა უშუალოდ პუტინთან გაიარა კონსულტაცია, ის პირდაპირ დაგვემუქრა

როგორც ჩანს, კარასინმა უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან გაიარა კონსულტაციები და ეს არის მისი მესიჯები, – ასე ეხმაურება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხდა, რუსეთი საქართველოს ღიად დაემუქრა.
„კარასინი საკმაოდ ნათლად და პირდაპირ დაგვემუქრა. ულტიმატუმის ენით დაგვიწყო საუბარი, რაც მანამდე არცერთი შეხვედრის დროს არ დაფიქსირებულა. კარასინი ადრე ასე თამამი არ ყოფილა. ეს იყო პირდაპირ ულტიმატუმი. რუსებმა დაგვიყენეს ასეთი ულტიმატუმი, თუ სწორად ვთარგმნით – ან თქვენ აირჩევთ გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ ან იქნებით ნეიტრალური სახელმწიფო და ამით გადარჩებით, თუ არადა ჩვენ თქვენს წინააღმდეგ უკრაინულ სცენარს გამოვიყენებთ – ეს იყო ნათქვამი. როგორც ჩანს, რუსები აპირებენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის დაწყებას. ფაქტობრივად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ყველაფერი მზადაა ყირიმიზაციის პროცესის დაწყებისთვის, აფხაზეთში, შეიძლება, ეს დროში გაიწელოს.
როგორც ჩანს, კარასინმა უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან გაიარა კონსულტაციები და ეს არის მისი მესიჯები. მანამდე იყო პუტინის გამოსვლა გაერთიანებული ფედერალური საბჭოს წინაშე, მან წლიური მიმართვა გააკეთა, მას ჰქონდა ულტიმატუმი და მუქარა, დასავლეთს დაემუქრა ბირთვული დარტყმების მიყენებით. აქედან გამომდინარე, კარასინის განცხადება გასაკვირი არ უნდა იყოს იმ დიდი, გლობალური მუქარის გამო, რაც პუტინმა გაბედა და დასავლეთს მუშტი მოუღერა”, – აცხადებს მაისაია.
ცნობისთვის, 27 თებერვალს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა შედგა.
ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე გრიგორი კარასინმა “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ მას სურს, ქართველი კოლეგები “უსიამოვნო მოულოდნელობების” შესახებ გააფრთხილოს.
„მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის,” – განაცხადა კარასინმა.
მანვე „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ ბოლო დროს, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი განცხადებები გახშირდა.
“ბოლო დროს, ქართველი მაღალჩინოსნები ნატო-ს მიმართულებით დაჩქარებულ სვლაზე საუბრობენ, ასევე იმაზე, რომ თითქოს რუსეთი მთელი დემოკრატიული ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ბუნებრივია, ეს გვაწუხებს. ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ორმხრივ განვითარებას ხელს უშლის. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის შესრულება ერთდროულად რთულია და შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
“ჩვენ გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემები. ამ შემთხვევაშიც საკითხი ანალოგიურად დგას”,- განაცხადა კარასინმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები