საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, – ამის შესახებ “კვირას” გაეროს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სასტუმროში “ჰოლიდეინში” ხვალ გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: “ადრეული ქორწინების პრევენცია – გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის”. “აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას (19%) და თურქეთს (14%). არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე”, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ადრეული ქორწინების საკითხი გაშუქდა სახალხო დამცველის 2012 და 2013 წლების ანგარიშებშიც. ორგანიზაციის ცნობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით 2013 წელს ჩატარდა ადრეული ქორწინების შესახებ სიტუაციური ანალიზი, გამოიკვეთა პრობლემები და შემუშავდა რეკომენდაციები. სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მონაცემებს და გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს შეხვედრის მონაწილეებს ხვალ წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები