ვენესუელის შესახებ აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადეს
რუსეთმა და ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვენესუელის შესახებ აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ ვეტო გამოიყენეს.
გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ რეზოლუციის პროექტს ორმაგის სტანდარტების პოლიტიკური სპექტაკლის კულმინაცია უწოდა.
აშშ-ის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში საუბარია ვენესუელაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ამას გარდა, პროექტი მოუწოდებს კარაკასს, დაუშვას არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლები და მოხსნას ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვენესუელის შესახებ საკუთარი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას მოითხოვს.
მოსკოვი პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების გზად ე.წ. მონტევიდეოს მექანიზმის ამოქმედებას სთავაზობს, რომელიც მექსიკამ, ურუგვაიმ და კარიბის თანამეგობრობის წევრებმა შეიმუშავეს და რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას გულისხმობს.