79 მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა
2014 წლის 24 და 26 მაისს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და კომისიის სხდომები გაიმართა, რომელთა გადაწყვეტილებით პატიმრობიდან 79 მსჯავრდებული გათავისუფლდა. აქედან 69 მამაკაცია და 10 ქალბატონი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებული 10 ქალბატონიდან ორს პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.
პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. თუ აქამდე კომისიის 7-წევრიან შემადგენლობაში სამინისტროს 3 წარმომადგენელი ჰყავდა, ძალაში შესული ცვლილებით, კომისიაში სამინისტროს ორი წარმომადგენელი დარჩა, ხოლო ერთი ადგილი დაეთმო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, მორის შალიკაშვილს, რომლის სამეცნიერო ნაშრომების ნაწილი პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის საკითხებს ეხება.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, კომისიაში 2 წარმომადგენელი ჰყავს საქართველოს პარლამენტს – ერთი უმრავლესობიდან, ერთი კი უმცირესობიდა. თითო-თითო წევრით არიან წარმოდგენილნი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები.