ბუბა კუდავა – “1921 წლის თებერვლის მეორე ნახევარში თბილისი ომის ალში გაეხვა”
ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ სოციალურ ქსელში 1921 წელს მომხდარი ამბავი გამოაქვეყნა. ამბავი ახალგაზრდა ექიმის შიო კვიცარიძისა და მისი უმცროსი ძმის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ, რომელიც შიო კვიცარიძემ დაკრძალა და ძმებთან ერთად მალულად მიაგებდა პატივს.
“98 წლის წინ.
1921 წლის თებერვლის მეორე ნახევარში თბილისი ომის ალში გაეხვა, ქვემეხების გრიალი და ტყვიამფრქვევების კაკანი უკვე ქალაქის ქუჩებამდეც აღწევდა, მტერი თბილისს მოადგა და ქალაქის დასაცავად ათი ათასამდე ჯარისკაცი, გვარდიელი და სამხედრო სკოლის იუნკერი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყო ჩართული.
ახალგაზრდა ექიმი შიო კვიცარიძე ფრონტიდან მოყვანილ დაჭრილებსა თუ დაღუპულებს გულისფანცქალით გადაავლებდა თვალს. მისი უმცროსი ძმა, სტუდენტი კოტე კვიცარიძე რამდენიმე დღის წინ, მთავრობისა და უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილის მოწოდების შემდეგ, ქალაქის დამცველებს შეუერთდა და მოხალისედ იბრძოდა ფრონტზე. კოტე ძმებს შორის ყველაზე უმცროსი იყო და იგი განსაკუთრებულად უყვარდათ.
ისინი ცნობილი ქუთაისელი მასწავლებლის, პოლიევქტი (პოლია) კვიცარიძის შვილები იყვნენ. პოლიევქტის მეუღლე 1903 წელს გარდაიცვალა, ამის შემდეგ მასაც აღარ უცოცხლია დიდხანს – ის 1904 წელს გარდაიცვალა. მათი დაობლებული ხუთი ბავშვი: თადეოზი, გრიგოლი (გიგლა), ბაგრატი, შიო და კონსტანტინე (კოტე) ბიძამ, ისიდორე კვიცარიძემ გაზარდა. ისიდორეს შვილები არ ჰყავდა და მთელი ენერგია დაობლებული ძმისშვილების გაზრდას მოახმარა.
ბიძამ უზრუნველყო, რომ ბიჭებს რუსეთის იმპერიის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში ესწავლათ – შიომ განათლება პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მიიღო და სამშობლოში 1917 წელს დაბრუნდა, კოტე კი ახლად გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა.
შიოს ავი მოლოდინი გამართლდა, გვარდიის ყაზარმის ეზოში ფრონტიდან ჩამოსვენებულ დაღუპულ გვარდიელებს შორის მან ძმა ამოიცნო…
საომარი მდგომარეობის გამო შიომ მშობლიურ ქალაქში ძმის გადასვენება ვერ მოახერხა და ვერის სასაფლაოზე დაკრძალა… შემორჩა მხოლოდ დაღუპული მებრძოლის ფოტო, რომელიც შიომ გადააღებინა მორგში ძმის სამახსოვროდ.
1930-იან წლებში ქალაქის საბჭოთა ხელისუფლებამ ვერის სასაფლაო გააუქმა და მის ადგილზე სერგეი კიროვის სახელობის პარკი გახსნა. ბევრმა თბილისელმა სამუდამოდ დაკარგა ახლობელი ადამიანის საფლავი. ათწლეულების განმავლობაში პარკში, რომელსაც თბილისელებმა ვერის ბაღი შეარქვეს, დაკვირვებული თვალიც კი ვერ შეამჩნევდა რამდენიმე კაცს, რომლებიც ქუთაისიდან „შემთხვევით“ ჩამოდიოდნენ თებერვლის დღეებში და ბაღში სხვადასხვა მხრიდან შესულები, ერთი ხის ძირას ჩერდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში ქუდმოხდილები.
ხის ქვეშ კოტე კვიცარიძის საფლავი იყო მონიშნული, რომელიც შიომ დაიმახსოვრა სასაფლაოს გაუქმების შემდეგ.
გარშემომყოფებისთვის უცნობები კი ძმები კვიცარიძეები იყვნენ, რომლებიც რთულ დროში ასე მიაგებდნენ პატივს სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპული ძმის ხსოვნას”,- წერს სოცქსელში ისტორიკოსი.